loader

"გაიცანი საქართველო" - პრესტური სამცხე-ჯავახეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გაიცანი საქართველო" - პრესტური სამცხე-ჯავახეთში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამცხე-ჯავახეთში პრესტური მოეწყო. პროექტ „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში,  სხვადასხვა მედიასაშუალების 20-მდე წარმომადგენელმა ახალციხეში რაბათის ციხე დაათვალიერა.
ჟურნალისტებმა, ოპერატორებმა და ფოტოგრაფებმა ვარძიის ტერასები მოინახულეს, სადაც ოჯახური ღვინის მწარმოებელი გიორგი ნათენაძე ისტორიული ტერასების და მესხური ვაზის ჯიშების აღდგენაზე მუშაობს და სხვადასხვა სახის ღვინოს ამზადებს.

ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებმა სოფელ მზიანეთში ტრადიციული მესხური ყველის საწარმოში პროდუქტების დამზადებაში მიიღეს მონაწილეობა. ტრადიციულ მესხურ სახლში კი ხაჭაპურის მასტერკლასი გაიმართა.

სოფელ ქვაბისხევში ჟურნალისტებმა ხაჭაპურიძეების უძველესი მარანი დაათვალიერეს, უძველეს მარანში კი ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ტურის მონაწილეებმა მე-10 საუკუნეში აგებული საფარის მონასტერი მოინახულეს, რომელიც უნიკალური მხატვრობით გამოირჩევა.
ტურის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები ვარძიის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში მუზეუმების საერთაშორისო დღეს დაესწრნენ, სადაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (US AID) პროგრამა "ზრდის" მხარდაჭერით "ღამე მუზეუმში'' აღინიშნა. ღონისძიებაზე ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერების ანსამბლების კონცერტი გაიმართა და ცეცხლოვანი შოუ მოეწყო.

მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა. ტერიტორიაზე შშმ პირებისათვის ვირტუალური მუზეუმი შეიქმნა. VR საპრეზენტაციო სტენდების საშუალებით, ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებს კლდეში ნაკვეთი უნიკალური კომპლექსის სრულფასოვნად გაცნობის საშუალება აქვთ.