მარტოხელა მოხუცმა ქარიშხალში დაკარგული ერთადერთი მეგობარი - ძაღლი იპოვა
ამერიკულმა ტელეარხმა CBS-მა მოხუც ქალთან, რომელიც ოკლაჰომას ტორნადოს უვნებლად გადაურჩა, ინტერვიუ ჩაწერა. მისი სახლი დამანგრეველმა ქარიშხალმა მიწასთან გაასწორა, თუმცა მარტოხელა ქალი არაფერზე დარდობდა, ერთის გარდა - ტორნადოს დროს საყვარელი ძაღლი დაკარგა. "სააბაზანოში ვიყავი, სკამზე ვიჯექი და ძაღლი მეჭირა ხელში. ასეთი გეგმა მქონდა წლების განმავლობაში, რომ თუ რამე მსგავსი მოხდებოდა, სააბაზანოში შემეფარებინა თავი. შემდეგ შუქიც ჩაქრა, მესმოდა საშინელი ხმაური გარედან. ძირს გავგორდი და თვალები რომ გავახილე, ძაღლი ვეღარ დავინახე. ვეძახდი და არ მპასუხობდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სადღაც აქაა... შემდეგ შუქი დავინახე და მივხვდი, რომ გადავრჩი. ამასობაში მაშველებიც გამოჩნდნენ და გამომიყვანეს..." - უყვებოდა მოხუცი ქალი ჟურნალისტს, როდესაც იქვე მდგომმა გოგონამ მოულოდნელად ნანგრევებში ძაღლი შეამჩნია. "ღმერთო ჩემო... დამეხმარეთ... ორი რამ ვთხოვე ღმერთს: გადავრჩენილიყავი და ჩემი ძაღლი მეპოვა. მადლობა ღმერთს! მან ჩემი ორივე სურვილი შეისმინა..."