loader

სისხლიანი მაიდნის ქრონიკა - უკრაინაში ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სისხლიანი მაიდნის ქრონიკა - უკრაინაში ტრაგიკულ მოვლენებს იხსენებენ

კიევში, მაიდნის ტრაგიკული და სისხლიანი მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა. კიევის ცენტრში, მაიდანზე, სადაც რამდენიმე თვის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლების საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, 2014 წლის 18-20 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებსა და მაიდნის აქტივისტებს შორის მთავარი შეტაკებები მოხდა. 18 თებერვალს ძალოვანებმა დამოუკიდებლობის მოედანზეც მიიტანეს იერიში, სადაც 20 000 მონაწილე იყო შეკრებილი. დღე-ღამის განმავლობაში 28 ადამიანი დაიღუპა, 351 კი დაშავდა.

19-22 თებერვალს კი, კიევის ქუჩებში სახელისუფლებო ძალების წარმომადგენლებსა და მომიტინგეებს შორის ლოკალური დაპირისპირებები მიმდინარეობდა, რასაც ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიკოსების ინფორმაციით, ამ პერიოდში, მაიდანზე დაახლოებით 1000-მდე ადამიანი დაშავდა.

რამდენიმე დღეში უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ქვეყანა დატოვა და რუსეთში გაიქცა. მაიდნის მოვლენების დროს დაღუპულებს უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ "ზეციური ასეული გმირის" სტატუსი მიანიჭა. 20 თებერვალი პოროშენკომ ხსოვნის დღედ გამოაცხადა. უკრაინის დედაქალაქში მაიდნის მოვლენების დროს დაღუპულებს დღეს პატივს მიაგებენ.

მაიდნის მოვლენების დროს დაღუპულია 100-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ყველაზე მეტი სწორედ 18-20 თებერვლის მოვლენებისას.

თავად მაიდნის მოვლენებს უკრაინის მაშინდელი ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა უძღვოდა წინ.