loader

ჰოლივუდური ფილმი სტალინის ეპოქაში ბავშვების მკვლელობაზე, რუსეთში აკრძალეს - პრემიერა საქართველოშიც ჩაიშალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჰოლივუდური ფილმი სტალინის ეპოქაში ბავშვების მკვლელობაზე, რუსეთში აკრძალეს - პრემიერა საქართველოშიც ჩაიშალა

ფილმი "ბავშვი №44", რომელშიც საუბარი იოსებ სტალინის ეპოქაში ბავშვების მკვლელობის გამოძიებას ეხება, რუსულ კინოგაქირავებაში არ გაუშვეს. როგორც Интерфакс-ს რუსეთის კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ფილმი რუსული გაქირავებიდან "ისტორიული ფაქტების დამახინჯების" გამო ამოიღეს.

"ფილმ "ბავშვი №44"-ის წინასაპრემიერო ნახვის შემდეგ რუსეთის კულტურის სამინისტროში ფილმის შინაარსთან დაკავშირებით კითხვები დაისვა: პირველ რიგში - ისტორიული ფაქტების დამახინჯება, იქნება ეს დიდი სამამულო ომისა თუ მისი შემდგომი პერიოდის მოვლენების; ასევე, იმ ისტორიული ეპოქის საბჭოთა მოქალაქეების იმიჯის და ხასიათის თავისებური ინტერპრეტაციები", - ნათქვამია სამინისტროს კომენტარში. ამასთან, სამინისტროს და დისტრიბუტორი კომპანიის შეხვედრის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ "მსგავსი ტიპის ფილმის გაშვება, გამარჯვების 70 წლისთავის წინ, დაუშვებელია".

შვედი რეჟისორის, დანიელ ესპინოზას დრამაში ტომ ჰარდი, გარი ოლდმანი, ვენსან კასელი და ნუმი რაპასი მონაწილეობენ. ფილმის პროდიუსერი რიდლი სკოტია. მოქმედება საბჭოთა კავშირში ვითარდება. მთავარი გმირი - საბჭოთა დაზვერვის ოფიცერი ლევ დემიდოვი (ტომ ჰარდი) ბავშვების სერიულ მკვლელობებს იძიებს.

ფილმის მსოფლიო პრემიერა 17 აპრილსაა დაგეგმილი. "ბავშვი №44" დღეს ქართულ კინოთეატრებშიც უნდა გამოსულიყო, თუმცა "რუსთაველისა" და "ამირანის" კინოთეატრების "ფეისბუქის" გვერდზე გუშინ პრემიერის გადადების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია: "სამწუხაროდ, გაცნობებთ, რომ ჩვენი რეგიონის ქვეყნებში ფილმის, "ბავშვი №44"-ის პრემიერა 16 აპრილს არ შედგება. რელიზი გადაიდო შემოდგომამდე", - აღნიშნულია განცხადებაში.