loader

"სახლიდან გასვლის სურვილი დამეკარგა... საშინელი იყო, ტვინი მღალატობდა და ვერ ვაკონტროლებდი ფიქრებს" - თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სახლიდან გასვლის სურვილი დამეკარგა... საშინელი იყო, ტვინი მღალატობდა და ვერ ვაკონტროლებდი ფიქრებს" - თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი

"ტაბულას" დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის ქალიშვილი კატო კოპალეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე, მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას პირად გამოცდილებას უზიარებს:

მენტალური ჯანმრთელობის საერთაშორისო კვირა ყოფილა.

მეც, როგორც ალბათ უმრავლესობას, მაქვს ჩემს ისტორია და დემონები.

პანიკური შეტევები, anxiety და ა.შ, პირველად აბიტურიენტობის დროს დამეწყო. მაშინ იმდენად უცხო იყო ეს ყველაფერი, რომ ძალიან შეშინებული ვიყავი. ვერ წარმომედგინა, რანაირად შეიძლებოდა ძალიან უდარდელ ადამიანს (ნუ, წუწუნით სულ ვწუწუნებდი), სახლიდან გასვლის სურვილი სულ დაეკარგა იმის შიშით, რომ სადმე ქუჩაში პანიკური შეტევა დაემართებოდა და სახლში გამოქცევა დასჭირდებოდა. ბოსტნეულივით - დავდიოდი სკოლაში, სკოლიდან სახლში, მეძინა ბევრი და თქვენ წარმოიდგინეთ, ვჭამდი ცოტას. მეშინოდა ყველაფრის - გარეთ გასვლის, გაკვეთილზე წასვლის, სახლში მარტო ყოფნის, მომავლის და ა.შ. ვხვდებოდი, რომ ჩემი შიშები რაციონალური არ იყო, მაგრამ ვერაფერს ვერ ვშველიდი.

ერთი კარგი თვისება მაქვს - როდესაც რაღაც მაწუხებს, ეგრევე ვყვირი. ხშირად უმიზეზოდ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეგ თვისება დამეხმარა, დროულად მოვსულიყავი ექიმთან.

მე ძალიან გამიმართლა - მყავს დედა და მამა, ოჯახი, მეგობრები და შეყვარებული, რომლებიც ძალიან გვერდში დამიდგნენ, დამყვებოდნენ ფსიქოლოგთან, არ მტოვებდნენ მარტო და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავი კომფორტულად მეგრძნო. მიუხედავად ამისა, მაინც მიჭირდა იმის ახსნა, რომ ყურადღების მიქცევის ხერხი არ იყო, რომ მართლა ძალიან, ძალიან ცუდად ვიყავი და ძალიან მინდოდა, რომ ტვინში ყველაფერი კარგად მქონოდა, თუნდაც ფიზიკური ჯანმრთელობის ხარჯზე. მესმის მათიც - რთულია აუხსნა ადამიანს, რომელსაც ამის გამოცდილება არ ჰქონია, რა შეიძლება აწუხებდეს 18 წლის, საფრანგეთში მცხოვრებ ადამიანს, რომელსაც ყველაფერი აქვს - მატერიალურიც და არამატერიალურიც. ერთადერთი, რა ვალდებულებაც აქვს, უნივერსიტეტში ჩაბარებაა, რომელიც მე დავუწესე ჩემს თავს. ყველაზე უმადური და ცუდი ადამიანი მეგონა თავი, მაგრამ საშინელი, საშინელი გრძნობა იყო ის ფიქრი, რომ ტვინი მღალატობდა და ვერ ვაკონტროლებდი ფიქრებს.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ვიარე ფსიქოლოგებთან, დამჭირდა წამლებიც ექიმის რჩევით, ვაკეთე რვაასიათასი მედიტაცია, დავიწყე ბევრი სიარული და ჩემს თავს შევპირდი, რომ არასდროს არ მივცემდი საშუალებას ამ პრობლემას, ხელი შეეშალა - იქნებოდა ეგ უნივერსიტეტში, სამსახურში თუ პირად ცხოვრებაში.

ნელ-ნელა ამ დემონებთან ერთად ცხოვრება ვისწავლე. იუმორიც დამეხმარა, რომ დისტანცია ამეღო და გვერდიდან შემეხედა ჩემი თავისთვის და ამ ფიქრებისთვის. პერიოდულად, ახლაც მემართება ეპიზოდები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ უამრავი რამ წავიკითხე და ვიყავი პროფესიონალ ექიმთან, ვისწავლე ამ ყველაფრის მართვა. ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ არა, მაგრამ მთავარია, რომ ახლა გაღვიძება მიხარია. მივხვდი იმას, რომ მე ძალიან გამიმართლა. მივხვდი იმასაც, რომ ამ დღეში მარტო მე არ ვიყავი და არსებობდა უამრავი სხვა ადამიანი, ვინც იგივეს განიცდიდა.

საქართველოში ბევრს არ უმართლებს. ერთი მხრივ, არსებობს სტიგმა, მეორე მხრივ კი, ბევრს უბრალოდ ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს, რომ ექიმთან მივიდეს. ბევრს ეშინია, რომ "გიჟს" დაუძახებენ, ან ეტყვიან, რომ ეს პრობლემა მოგონილია. არასდროს ვიცით, რა ხდება სხვა ადამიანის ცხოვრებაში, რა პრობლემები აქვს, რას განიცდის. სოციალური მედია მატყუარაა - მხოლოდ ის ჩანს, რაც გვინდა, რომ გამოჩნდეს.

ვხვდები, რომ ბევრად წინ ვართ, ვიდრე 5 წლის წინ ვიყავით, მე როცა ეს დამემართა, მაგრამ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ამ კუთხით. სანამ ეკონომიკურად განვვითარდებით, მანამდე იქნებ უბრალოდ ბევრი ვიკითხოთ ამის შესახებ და ვიცოდეთ, ადამიანებს როგორ დავეხმაროთ, მოვუსმინოთ მათ და რაც მთავარია, გიჟები არ ვეძახოთ because at the end of the day, we are all "crazy" in our own ways.

ეს პოსტი 1 ადამიანს მაინც თუ დაეხმარება, თავი არ იგრძნოს მარტო, ძალიან ბედნიერი ვიქნები.