loader

როგორ მოექცნენ ნაცისტური დაჯგუფების წევრები ინგლისელ შავკანიან ფეხბურთელებს სოფიაში - ბრიტანეთის პრემიერი უეფას მოქმედებისკენ მოუწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოექცნენ ნაცისტური დაჯგუფების წევრები ინგლისელ შავკანიან ფეხბურთელებს სოფიაში - ბრიტანეთის პრემიერი უეფას მოქმედებისკენ მოუწოდებს

14 ოქტომბერს ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო მატჩი ორჯერ შეწყდა. მიზეზი ბულგარელი გულშემატკივრების რასისტული ქცევები და ნაცისტური მისალმება გახდა, რომლითაც ისინი ინგლისის ნაკრების შავკანიანი ფეხბურთელების დისკრედიტაციას ცდილობდნენ.
უეფას წესდების თანახმად, ტრიბუნებიდან რასისტული შინაარსის შეძახილების დროს, მატჩის მთავარი მსაჯი ვალდებულია, დაუკავშირდეს სტადიონის დიქტორს, რათა მან ქცევის შეწყვეტა მოითხოვოს. ხელმეორე დარღვევის შემთხვევაში, არბიტრს შეუძლია ფეხბურთელები გარკვეული დროით გასახდელში გაუშვას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რასისტული შეძახილები არ შეწყდება, თამაში გადადოს.

პირველი ტაიმის დასრულებამდე ბულგარეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობდა, რომ ტრიბუნებზე განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.
რაჰიმ სტერლინგის მისამართით გამოცემული მაიმუნის ხმების მოსმენის შემდეგ ინგლისელთა კაპიტანი ჰარი კეინი მატჩის ხორვატ მთავარ არბიტრთან მივიდა და ზომების მიღება მოითხოვა. თუმცა თამაში არც ამის შემდეგ შეწყვეტილა. 41-ე წუთზე მატჩი უკვე მეორედ და დიდი ხნით შეჩერდა. ნაცისტურ ჯგუფს მოედანი დაატოვებინეს, მაგრამ რასისტული ქცევები ისევ გაგრძელდა. თამაში ინგლისის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 6:0 დასრულდა.

მომხდარის შემდეგ ინგლისის სპორტის მინისტრმა განაცხადა, რომ უეფასგან მკაცრ სასჯელს ელოდება, რადგან რასიზმი მისაღები არსად არ უნდა იყოს.
სოფიაში განვითარებულ მოვლენებს ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონიც გამოეხმაურა, რომელმაც დაგმო მომხდარი და უეფას მოქმედებისკენ მოუწოდა.
ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის მოთხოვნის შემდეგ ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, იდენტიფიცირებულია ფაქტის ყველა მონაწილე. ამ დროისთვის, დაკავებულია 6 ადამიანი, 3 იძებნება, 2 კი პოლიციის დეპარტამენტშია გამოძახებული.

შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 20 აპრილს "ლევსკი სოფიას" ქომაგებმა დიდი ბანერით მიულოცეს ადოლფ ჰიტლერს დაბადების დღე.

ავტორი: გიორგი ლორია