loader

სენსაცია როლან გაროსზე - ტურნირს მოქმედი ჩემპიონი სერენა უილიამსი გამოეთიშა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სენსაცია როლან გაროსზე - ტურნირს მოქმედი ჩემპიონი სერენა უილიამსი გამოეთიშა

უკვე ზედიზედ მეორე დღეა, როლან გაროსის ქალთა ტურნირზე დიდი სენსაციის მოწმენი ვხდებით. პირველ წრეში ბრძოლას გამოეთიშა ავსტრალიის ღიას ჩემპიონი ნა ლი, 28 მაისს კი ტურნირი დატოვა როლან გაროსის მოქმედმა ჩემპიონმა სერენა უილიამსმა.

სერენას მეტოქე ესპანელი გარბინ მუგურუსა იყო, რომელმაც ჯერ კიდევ შარშან მიიქცია ყურადღება არა მხოლოდ თავისი თამაშით, არამედ ეფექტური გარეგნობითაც. შარშან მუგურუსას არ გაუმართლა, რადგან მარჯვენა ფეხი დაიზიანა და ნახევარი წელი გაუცდა. თუმცა ის უფრო ძლიერი დაბრუნდა კორტზე: 2014 წელი ჰობარტის ტურნირის მოგებით დაიწყო, ავსტრალიის ღიაზე კი რამდენიმე ძლიერი ჩოგბურთელი დაამარცხა, მათ შორის, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი.

ესპანელმა როლან გაროსი 35-ე ჩოგანის რანგში დაიწყო. პირველ რაუნდში მან იწვალა ნაკლებად ცნობილ ამერიკელ გრეის მინთან - 7:6(6), 7:5 და 28 მაისს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის მსოფლიოს პირველ ჩოგანს არათუ მოუგებდა, არამედ დიდი ანგარიშით გაანადგურებდა.

სერენას მატჩებში ხშირად ხდება, როცა ამერიკელი რთულად შედის თამაშში. ამიტომაც მსოფლიოს პირველი ჩოგანის ცუდი სტარტი არავის გაჰკვირვებია, მაგრამ შემდეგ მუგურუსამ საკუთარი თავის ირწმუნა და პირველ სეტში ზედიზედ ხუთი სასტარტო გეიმი აიღო, მეორეში კი 3:0 წაიყვანა ანგარიში.

სწორედ ამ დროს გააკეთა სერენამ ბრეიკი, რაც ბევრმა გარდატეხის მომენტად მონათლა, მაგრამ მომდევნო გეიმში უილიამსმა ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა. მუგურუსამ შესანიშნავად ჩაატარა ორი გეიმი საკუთარ მოწოდებაზე და კარიერაში ყველაზე ხმაურიან გამარჯვებას მიაღწია - 6:2, 6:2.

www.sportall.ge