loader

როგორ მოვამზადოთ სუში სახლის პირობებში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ მოვამზადოთ სუში სახლის პირობებში

იაპონელი მზარეული იმატა მიცურო ამჟამად სტამბულში მოღვაწეობს, სადაც მას რამდენიმე იაპონური რესტორანი და მაღაზია აქვს. მას ხშირად იწვევენ სხვადასხვა მიღებაზე როგორც სტამბულში, ასევე მსოფლიოს სხვა ქალაქებში. იმატა მიცურო საქართველოში მასტერკლასის ჩასატარებლად იაპონიის საელჩომ მოიწვია. "პალიტრა ტვ" და იმატა მიცურო გთავაზობთ ვიდეოგაკვეთილს, თუ როგორ მოვამზადოთ სუში სახლის პირობებში.

მომზადების წესი: გარეცხეთ ბრინჯი და ნახევარი საათით დატოვეთ წყალში, შემდეგ მოხარშეთ. 1 კგ ბრინჯზე 1ლ, 200 გრ წყალია საჭირო (შესაძლოა, მომზადდეს ქართული ბრინჯითაც, მაგრამ უკეთესია იაპონური ბრინჯი).

მოხარშულ ბრინჯს დაასხით წინასწარ გამზადებული სოუსი, რომელიც შემდეგნაირად მზადდება: ერთმანეთში შერეული 300 გრ იაპონური ბრინჯის ძმარი, 175 გრ შაქარი, 90 გრ მარილი და ნახ. სუფრის კოვზი აჯინამოტო (სპეციალური სანელებელი). ბრინჯს კარგად მოურიეთ, რომ შეწებების ეფექტი ჰქონდეს. ბრინჯი მზადაა.

ცალკე გაამზადეთ შიგთავსისთვის - ორაგული, თინუსი, კიტრი, კალმარი, რვაფეხა, კრევეტი ან გველთევზა, ხიზილალა, მოხალული სეზამის მარცვლები და ნორის ფოთოლი.

წყალმცენარე ნორი დადეთ მიკასოზე, დაამატეთ ბრინჯი და გაშალეთ, დააწყვეთ დაჭრილი ორაგული და გაახვიეთ. შეგიძლიათ მორთოთ მოხალული სეზამით. სუში მზადაა, გემრიელად მიირთვით!

აუცილებლად გაითვალისწინეთ იაპონელი მზარეულის რჩევა: იმისთვის, რომ სუში იყოს კარგი, აუცილებელია, დადებითი განწყობით მოამზადოთ.