loader

ფერების ფესტივალი საქართველოში - ანშლაგით, მაგრამ წარუმატებლად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფერების ფესტივალი საქართველოში - ანშლაგით, მაგრამ წარუმატებლად

24 მაისს თბილისში, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერების ფესტივალი გაიმართა. სოციალური ქსელით დაანონსებულ აქციაზე ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მიზანი მარტივი იყო: ყველა ადამიანს უნდა ჰქონოდა ფერადი ქვიშა (რომელიც ადგილზევე უნდა დაერიგებინათ) და 10-იდან 1-ამდე დათვლის შემდეგ ჰაერში აეყარათ. თუმცა შეკრებილი საზოგადოების არაორგანიზებულობის გამო ფესტივალი დასაწყისიდან დასასრულამდე ერთ დიდ გაუგებრობას დაემსგავსა: მაღალმა ბიჭებმა ქვიშის ყუთებს სტაცეს ხელი და უმიზნოდ მიმოფანტეს მიწაზე. ბავშვები ცდილობდნენ, რაც შეიძლებოდა, მალე ჩაეგდოთ ხელში ფერადი პაკეტები, თუმცა აღებისთანავე საკუთარ მეგობრებს აყრიდნენ. გოგონები წინა რიგებში ისრისებოდნენ და ერთი სული ჰქონდათ, როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი.

ორგანიზატორები ცდილობდნენ, ფერადი ქვიშისათვის მებრძოლი ახალგაზრდები ოდნავ მაინც დაეშოშმინებინათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. ყველა ითხოვდა ქვიშას, თუმცა არავინ ინახავდა იმ რამოდენიმე წამისთვის, როდესაც თბილისის ცა უნდა გაფერადებულიყო.

როგორც შემდეგ სოციალურ ქსელში წერდნენ, ნაცვლად ლამაზად გაფერადებული ადამიანებისა, თბილისის ქუჩებში ფესტივალის შემდეგ მხოლოდ ჟანგისფერი ახალგაზრდები დადიოდნენო.

ანშლაგით, თუმცა წარუმატებლად ჩატარებული ფერების ფესტივალის ორგანიზატორები, ალბათ, კიდევ დიდხანს იფიქრებენ, ღირს თუ არა თბილისში მსგავსი აქციის კიდევ ერთხელ გამართვა.

ავტორი: დემეტრე ერგემლიძე

ასევე იხილეთ:
ფერების ფესტივალი - ულამაზესი სანახაობა იუტაში
ინდოეთში ფერების ფესტივალი გაიმართა